ახალი ამბები

ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას – ომბუდსმენი

30 ნოემბერი, 2024 •
ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 29-30 ნოემბერს, აქციის დაშლისას, ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას.

ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით
განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს.

„30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით
მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ
დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და
მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.

გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების – წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი