ახალი ამბები

რატომ გადაიდო ბრიფინგი ქართულ პარტიაში?

27 ოქტომბერი, 2010 • • 1061
რატომ გადაიდო ბრიფინგი ქართულ პარტიაში?

ქართულ პარტიაში დღეს, ორის ნახევარზე, საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავდნენ, სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ქართული პარტიის კარი დაკეტილი დახვდათ. გვაცნობეს, რომ ბრიფინგი გადაიდო.

ნინო ძაგნიძემ, პარტიის პრეს სამსახურიდან, გვითხრა, რომ საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც პარტიის ოფისში ვახტანგ სუბელიანის ადვოკატი, ირმა ჭჯადუა მივა.

ადვოკატი, ძაგნიძის ინფორმაციით, ჯერ არ შეხვედრია მისი დაცვის ქვეშ მყოფ სუბელიანს.

გუშინ ტელეკომპანია რეალ ტივიმ გაავრცელა განცხადება ვახტანგ სუბელიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. სიუჟეტში

ითქვა, რომ მათ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია ისან–სამგორის მოსახლეობამ მიაწოდა.

სიუჟეტში ჟურნალისტი ლელა ხვადაგიანი ამბობს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის ინფორმაციის გამოქვეყნებამდე რეალ ტივი თავს შეიკავებს, სუბელიანს ეჭვმიტანილი უწოდოს, თუმცა ამბობს, რომ ისან–სამგორის მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სუბელიანი დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. განცხადებაში არ იყო მითითებული დაკავებულების კონკრეტული სახელები და გვარები. თუმცა მითითებული იყო იმ კომპანიების სახელები, რომელთა თანამშრომლებიც ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გამო დააკავეს.

ერთ–ერთი არის შპს ამო, რომლის თანამშრომელიც არის სოზარ სუბარის ძმა, ვახტანგ სუბელიანი.

დღეს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია შპს ამოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე. სააგენტო წერს, რომ ამოს დირექტორი, რომელმაც, მათი თქმით, აღიარებითი ჩვენება მისცა, გაათავისუფლეს, ისევე – როგორც აღნიშნული კომპანიის ბუღალტერი.

ქართული პარტიის პრეს–სამსახურმა განგვიცხადა, რომ  ამოს დირექტორისა და ბუღალტრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ძაგნიძემ გვითხრა, რომ სოზარ სუბარმა აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტოსგან შეიტყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი