ახალი ამბები

მოსამართლეები: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს

29 ნოემბერი, 2024 •
მოსამართლეები: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს

ქართველი მოსამართლეები, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად, კრიტიკით ეხმაურებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია 2028 წლამდე.

„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ვლადიმერ ხუჭუა, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ლაშა დადეშქელიანი, ლელა ნოზაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი