ახალი ამბები

23 დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ომბუდსმენი

29 ნოემბერი, 2024 •
23 დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 29 ნოემბერს, გვიან ღამით და ადრეული დილით, მიტინგზე დაკავებულ პირებთან შეხვედრის შედეგებს აქვეყნებს.

ომბუდსმენის განცხადებით, მისმა რწმუნებულმა 40 დაკავებული მოინახულა.

„დღის მანძილზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ერთ-ერთი დაკავებული მოთავსებულია სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სხვები კი- თბილისის იზოლატორებში.

მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა (7 პირს არ სურს რეაგირება). მათი უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა. მათგან ნაწილი ასევე მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დაკავებულთა ნაწილს ხილულად აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, ერთ დაკავებულს თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, სხვა დაკავებულს – სახეზე, მარჯვენა წარბთან აღენიშნებოდა დაზიანება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი