საქართველოს ელჩი ჩეხეთში, თეა მაისურაძე, ამბობს, რომ საქართველოსთვის, განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის ფონზე, ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა მეორე დღეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაცია 4 წლით შეაჩერა, გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეები კი პოლიციას და სპეცრაზმს ძალადობრივად დაარბევინა.
„მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.
ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას.
ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს“, — წერს დიპლომატი.
გუშინ, 28 ნოემბრის 7 საათიდან მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრების შეჩერების შესახებ.
სპეცრაზმი ღამით და გამთენიისას ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მომიტინგეს, მათ შორის, უფლებადამცველ ნიკა რომანაძეს, დაშავებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელთაგან ორს ქირურგიული ჩარევები დასჭირდა.
გასულ ღამით დაკავებულია 43 ადამიანი, საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ადამიანებს ბრალი წაუყენეს ტრადიციული მუხლებით, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.