2025 წლის სექტემბერში პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში, ნდობის გამოცხადებამდე, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
“ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოსწავლეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, 2025-2026 სასწავლო წელს შეეძლებათ შევიდნენ სკოლაში”, – თქვა წულაძემ.
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი ხშირად იცვლება და წლებია განხილვის საგანია. მიმდინარე, 2024 წლის სექტემბერში სწავლის დაწყების უფლება იმ ბავშვებს ჰქონდათ, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებოდათ. გასულ სასწავლო წელს, 2023-ში სწავლის დაწყების შესაძლებლობა იმ ბავშვებს ჰქონდათ, ვისაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე უსრულდებოდა.