ახალი ამბები

საია: სასამართლო აჭიანურებს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვას

24 ნოემბერი, 2024 •
საია: სასამართლო აჭიანურებს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით,  თბილისის საქალაქო სასამართლო აჭიანურებს აპრილი-მაისის მოვლენებისას, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის საქმეების განხილვას.

საუბარია საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის, გიორგი ოკმელაშვილის, დავით კოლდარისა და გიორგი კუჭუაშვილის, ასევე ფრიდონ ბუბუტეიშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად პატიმრობის არაერთხელ გადასინჯვისა, სასამართლომ მათ მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, ძალაში დატოვა.  

“შეინიშნება ტენდენცია, რომ ამ საქმეებზე სასამართლო დიდი ინტერვალით დებს სასამართლო სხდომებს, უმეტესად 2 თვეში ერთხელ  პატიმრობის სავალდებულოდ გადასინჯვის  აუცილებლობის გამო ინიშნება სხდომები. რაზეც უკმაყოფილებას დაცვის მხარის წარმომადგენლებიც მუდმივად აღნიშნავენ.

სასამართლო დროულად არ ასრულებს ამ საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისლების ფარგლებში ვერ მოასწროს. ისე როგორც ეს აქტივისტ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა,” – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, რომელთაც ბრალი ჯგუფურად ნივთის დაზიანებასა ან განადგურებაში5, კერძოდ, 400 ლარიანი რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში, ედებათ, სასამართლო სხდომის შემდგომ თარიღად 23 სექტემბერის პროცესზე 11 ნოემბერი განისაზღვრა, თუმცა ვერც 11 ნოემბერს მოხერხდა სხდომის ჩატარება სასამართლოს მიზეზით  და სხდომა 22 ნოემბრამდე გადაიდო. 22 ნოემბრის სხდომის შემდგომ სასამართლომ სხდომა 1 თვეზე მეტი დროით გადადო და 25 დეკემბერს ჩანიშნა.  

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე, რომელსაც  ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავება, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე უკანასკნელი სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა, რის შემდეგაც სხდომა ფაქტობრივად აღარ ჩატარებულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო, ისე რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს რამდენიმე მიმართვის წერილით სხდომის დროულად ჩანიშვნის  და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით. მოგვიანებით დაცვის მხარეს ეცნობა, რომ სხდომა 12 დეკემბერს ჩაინიშნა. ეს იმ ვითარებაში როდესაც საქმეზე მხოლოდ 1 მოწმე დაიკითხა და სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდაა ცნობილი, საქმე დასკვნით ფაზაშია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი, დაცვის მხარე კი უთითებს, რომ საკუთარი პოზიციის  ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 5-10 წუთი დასჭირდება.

ანალოგიური ვითარებაა გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებზე, რომელზეც სასამართლო სხდომა 21 ნოემბერს კვლავ გადაიდო, ისე რომ სხდომის კონკრეტული თარიღი არ განსაზღვრულა. ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმეზე 14 ნოემბრის შემდგომ ერთ თვეზე მეტი ვადით – 26 დეკემბერს გადაინიშნა სხდომა. 

ორგანიზაციის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული აღიქმება საქმის განხილვის  გაჭიანურებად  და ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეშ დარღვევად. 

ამასთან, მხედველობაში მისაღებია, რომ თითოეული ბრალდებული ამ პერიოდში პატიმრობაში იმყოფება.

“გაურკვეველია განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევაზე და გამოსაკვლევი აღარაფერია, რა მიზეზით უნდა ტოვებდეს სასამართლო პირებს პატიმრობაში, როცა განეიტრალებულია მოწმეებზე ზემოქმედების ყოველგვარი საფრთხე, რაზეც ბრალდება პატიმრობის დასაბუთებისას თითქმის ყველა საქმეში აპელირებდა. საია აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით აქამდეც აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება, არ იყო პატიმრობის შეფარდებისათვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, აბსტრაქტულად არის საფრთხეები შეფასებული და შესაბამისი მიზნების მიღწევა  სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

მაშინ როდესაც აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს შეუწყნარებელი პოლიტიკა აქვს და მათ სამაგალითოდ სჯის, ამ დრომდე არ მომხდარა ,,რუსული კანონის“ პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა,” – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

2024 წლის აპრილ-მაისის თვეში ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკვებებისას.  გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. 

საია აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღევის აღკვეთას:

“ამ ფაქტებზე რეაგირების არ ქონა, კიდევ უფრო ახალისებს სამართალდამცავ ორგანოებს გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი