რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, ამბობს, რომ საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია. საქართველოს არჩევნებზე კონგრესმენმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.
„მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული“, – ამბობს ადერჰოლტი.
5 ნოემბერის არჩევნების შედეგად, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და კონგრესმენ ადერჰოლტის თქმით, ქვეყნის ახალი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის, არჩევნების სამართლიანობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება.
“ბევრი რამ სწორედ ახალ ადმინისტრაციაზე იქნება დამოკიდებული, იცით, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ვადა იწურება და ვიხილავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას, ამას უნდა დავაკვირდეთ”, – ამბობს ადერჰოლტი და ხაზს უსვამს, რომ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული თემები არჩეული პრეზიდენტისთვის გამორჩეულად საყურადღებოა:
“ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში”, – ამბობს კონგრესმენი.