სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
19 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართული აქციის დროს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ ნეტგაზეთის კორესპონდენტს, გივი ავალიანს. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე. სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს.
ონლაინ მედიის განცხადება – ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს