ახალი ამბები

დაკავებების დაწყებისას აქცია ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში – ომბუდსმენი

19 ნოემბერი, 2024 •
დაკავებების დაწყებისას აქცია ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება 19 ნოემბრის დილით ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ძალადობრივ დაშლას. უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, აქცია იყო მშვიდობიანი და ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ეხმაურება პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს როგორც ჟურნალისტებზე, ისე აქციის მონაწილეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები.

“სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც, როგორც ცნობილია, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების თაობაზეც. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მიდიან დაკავებული და დაშავებული მოქალაქეების მოსანახულებლად.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს,  უზრუნველყოს მოქალაქეების მშვიდობიან შეკრება და ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.  დაკავებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას “იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით”.

სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია – 14 81, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნებისმიერ დროს.


19 ნოემბერსა, გამთენიისას, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უკვე მე-2 ღამეს ათევდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.

დარბევის დაწყებამდე შსს-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ მათ 15 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება ყოფილიყო.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი