ახალი ამბები

„საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებზე ორჯერ იძალადეს“ — ადვოკატი

17 ნოემბერი, 2024 •
„საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებზე ორჯერ იძალადეს“ — ადვოკატი

ადვოკატის თქმით, გუშინ აღმაშენებლის ხეივანში საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულ მონაწილეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

დაკავებულები არიან „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი და საფრანგეთში ემიგრაციიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით ჩამოსული ბექა კახიძე.

„ძალადობა მოხდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, მათ აღენიშნებათ დალურჯებები. მეორედ იძალადეს, როდესაც უკვე მანქანაში ჩასვეს. მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. […] მურუსიძის სასამართლოსგან, რა თქმა უნდა, მოლოდინები არ გვექნება. სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, — ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

16 ნოემბერს ცესკოს სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს. სხდომის მიმდინარეობისას თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ „ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“

პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა, რომ მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან გადაეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი