თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, სადაც გიორგი კალანდარიშვილი ცხოვრობს, პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს ცესკოს თავმჯდომარის სახლთან გასაპროტესტებლად მივიდნენ.

შატბერაშვილის ქუჩაზე მისულ ახალგაზდებს თავს დაესხნენ უცხო პირები, რომელთაც სახეზე პირბადეები ეკეთათ. როგორც მათ „ტვ პირველს“ უთხრეს, ისინი „მეზობლები“ არიან.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს.

დღევანდელი სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.

სხდომის განახლების შემდეგ კალანდარიშვილი ახვეული თვალით დაბრუნდა და მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაცია უწოდა.

სხდომის პარალელურად, დილიდან აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან. ცესკოს შენობაში პოლიაა მობილიზებული.

დავით კირთაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი შეასხა“.

გიორგი კალანდარიშვილისთვის შავის საღებავის შესხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.