ახალი ამბები

მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ – იოსელიანი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმაზე

16 ნოემბერი, 2024 •
მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ – იოსელიანი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უარყოფითად აფასებს გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმას.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება მორალურადაც გაუმართლებელია.

„მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკოში ვიხილეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს.

დღევანდელი სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.

სხდომის განახლების შემდეგ კალანდარიშვილი ახვეული თვალით დაბრუნდა და მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაცია უწოდა.

სხდომის პარალელურად, დილიდან აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან. ცესკოს შენობაში პოლიაა მობილიზებული.

დავით კირთაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი შეასხა“.

გიორგი კალანდარიშვილისთვის შავის საღებავის შესხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი