ახალი ამბები

ოცი ორგანიზაცია რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს

15 ნოემბერი, 2024 •
ოცი ორგანიზაცია რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს

ოცი  ორგანიზაცია აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს.  მათი თქმით, მიზეზი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე.

ამის შესახებ წიგნის გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა 15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების გახსნის დღეს ისაუბრეს.  ისინი ამბობენ, რომ  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

გამომცემლები აღნიშნავენ, რომ რუსული კანონის აღსრულების ფარგლებში შექმნილ  რეესტრში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის ხელმძღვანელობამ 2024 წლის 29 აგვისტოს მიიღო. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ვერ მოახერხეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ლებანიძესთან და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან კონსტრუქციული დიალოგი. წესდებაში არსებული ხარვეზების გამო, წევრთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ასოციაციის მმართველების შეცვლა.

„ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

მაისის წიგნის ფესტივალის დროსაც გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“, — ნათქვამია 20 გამომცემლისა და წიგნის გამავრცელებლის ერთობლივ განცხადებაში.

გამომცემლობების, “ინტელექტის”ა და “არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აგენტად რეგისტრირება დამანგრეველია გამომცემლობების რეპუტაციისთვის, რომლებიც ერთად და ინდივიდუალურად თვეების განმავლობაში იბრძოდნენ ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული ყაიდის კანონების წინააღმდეგ.

„ასოციაციაში ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძოდით ღირებულებებისთვის, თითოეული წევრის უფლებების დასაცავად, რაც მთავარია, ვიცავდით ჩვენი სახელმწიფოს იდეალებს. ჩვენი რეპუტაციისთვის არის დამანგრეველი, რაც გააკეთა ასოციაციის მენეჯმენტმა, როდესაც ფაქტობრივად, ზურგს უკან დაგვარეგისტრირეს აგენტების რეესტრში და ხელი მოაწერეს იმას, რასაც მთელი ჩვენი პროფესიული საქმიანობით ვებრძვით.

თითოეული ჩვენგანი თვეების განმავლობაში ვიდექით ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ, ცენზურის კანონის წინააღმდეგ, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვეს და ასე გაყიდეს. ამ ჩემთვის მკვდრადშობილი და ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანონების ძალით ჩვენს ქვეყანაში დაწესდება ცენზურა, რაც ჩვენი სფეროსთვის მომაკვდინებელია. ეს გზა ხელახლა ხომ არ უნდა გავიაროთ? ასოციაციას თითოეული გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებლის უფლებებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ დავინახეთ საპირისპირო.

საერთაშორისო პლატფორმებზეც ვაპროტესტებთ, რაც ქვეყანაში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით ხდება, რომ არ წავიდეთ ავტორიტარიზმისკენ, დავიცვათ თავისუფალი საზოგადოება, რაც გამოგვარჩევს რეგიონში და რისთვისაც ადვილად არ მიგვიღწევია, თაობების, დიდი მსხვერპლის, შრომის ფასად მოვიპოვეთ.

ილუზიებში არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ პატარა ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას დიდი დრო არ სჭირდება. უამრავი ადამიანი იწვნევს საკუთარ თავზე ამ კანონების ამოქმედებას“, — ამბობს ზვიად კვარაცხელია.

გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ასოციაციის აწ უკვე ყოფილი წევრები ახალი ასოციაციის შექმნაზეც მსჯელობენ.

„ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, მიზნებით, საქმიანობით, მთლიანად ამ ქვეყნის მომავალზე, განათლებაზე, სწორ ღირებულებებზეა მიმართული, აღმოვჩნდით აგენტებად დარეგისტრირებულები. თვითონ არიან აგენტები!

ძალიან მძიმედ გვაწვა ეს იარლიყი, რომელიც ასოციაციამ მოგვაწება და გვაკადრა, მაგრამ არ დავიტოვეთ. ვიცით ის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მთავარი იდეითა და დანიშნულებით — იყოს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის თავისუფლება, გავრცელდეს განათლება, წიგნიერება და რომ არ მიეცეთ ვიღაც პროპაგანდისტებს უფლება, რომ გადახედონ და რევიზია გაუკეთონ კაცობრიობის ლიტერატურულ მემკვიდრეობას“, — ამბობს მაია ალუდაური.

ნატა ძველიშვილი, “ინდიგოს” დირექტორი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ასოციაციას სინამდვილეში აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას რუსული კანონი არც ავალდებულებდა.

„საერთო კრებაზე მოვისმინეთ მხოლოდ ის, რომ დაგვეკისრებოდა ჯარიმა და არ გვინდოდა გადახდაო. თუმცა ესეც წევრებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. იქნებ ჩვენ თვითონ შეგვეკრიბა ჯარიმის ფული და გვეთქვა, რომ თავად გადავიხდით. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება წევრებს უნდა მიეღოთ“, — ამბობს ნატა ძველიშვილი.

ასოციაცია თავის დროზე დატოვეს სულაკაურისა და ქარჩხაძის გამომცემლობებმა, სანტა ესპერანსამ, ლოგოს პრესმა და კიდევ სხვა გამომცემლობებმა. ასოციაციიდან დღეს გამოსული გამომცემლობები და წიგნების გამავრცელებლები არიან: პალიტრა L, ბიბლუსი, ინტელექტი, არტანუჯი, ზიარი, ინდიგო, ზებრა, მედუზა, პეგასი, ბუქმანია, ბუქმარკი – წიგნები ვაკეში, საბა, ალონი, აგორა, ელვა იმპორტი, რასთი, კავკასია, ელვა ჯი, ლაზარე, წიგნის მაღაზია “შაქრო ბაბუა”.

ნეტგაზეთი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარესთანაც ცდილობს დაკავშირებას.

განახლება: ასოციაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ. აქვე წერია, რომ მოგვიანებით ასოციაცია უფრო დეტალურ განცხადებას გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი