ახალი ამბები

ყველაზე მასშტაბური თავდასხმები დრონებით კიევსა და მოსკოვზე – როგორ მიდის რუსეთის ომი უკრაინაში

10 ნოემბერი, 2024 •
ყველაზე მასშტაბური თავდასხმები დრონებით კიევსა და მოსკოვზე – როგორ მიდის რუსეთის ომი უკრაინაში

გასული დღეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ყველაზე მასშტაბური უპილოტო თავდასხმების ობიექტები გახდნენ. რუსეთმა კიევის გარდა დაბომბა უკრაინის სხვა ქალაქებიც. მათ შორის, ხარკოვი და ოდესა.

გუშინ, 9 იანვრის ღამეს უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით 30-ზე მეტი უპილოტო დრონი გაუშვა. თავდასხმების შედეგად, დროებით შეაჩერა მუშაობა მოსკოვის სამმა დიდმა აეროპორტმა – დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების ფრენები გადაიდო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და საპასუხოდ, მეორე დღესვე 150-მდე დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი თითქმის ნახევარი ჰაერშივე გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მკვეთრი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელი იქნება.

მისივე ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საჰაერო ძალები ინტენსიურად მუშაობდნენ უკრაინის ცის დაცვაზე. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 600 დრონი და 20 სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

“ასეთ ტერორს სიტყვები ვერ შეაჩერებს, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება, უბრალოდ, შეუძლებელია. ტერორისგან თავის დაცვა მკვეთრი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია – ეს ნათელია ყველა ქვეყნისთვის. სამართლიანობის გარეშე, არ არსებობს გრძელვადიანი მშვიდობა და უკრაინისთვის ამის მიღწევა საკმაოდ რეალურია”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი