ახალი ამბები

„გირჩმა“ ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქცია გამართა

9 ნოემბერი, 2024 •
„გირჩმა“ ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქცია გამართა

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით „გირჩმა“ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა.

„გირჩი“ ითხოვს ახალი არჩევნები ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დიდი მიტინგის ორგანიზების მიზნით, „გირჩი“ დღევანდელ აქციაზე ელოდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და ენმ-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობები „გირჩის“ აქციას არ შეუერთდა.

„არ შეიძლება რუსული რეჟიმი დაამარცხო სეირნობით, ტირანია — წრეში ბურთის თამაშით ან კარვების გაშლით. საჭიროა, ზეადამიანური ძალისხმევა. ჩვენი გეგმა მარტივი იყო, გვეჩვენებინა, რომ მზად ვართ, ეს არაადამიანური ძალისხმევა გავწიოთ, შევიკრიბოთ მართლა ძალიან დიდ მიტინგზე — რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლებამდე — ოღონდ არ მოვიტყუოთ. იმის ნაცვლად რომ სამსაათიანი სეირნობა მოეწყოთ სხვა პარტიებს, მართლა გავერთიანებულიყავით“, — განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„გირჩი“, ისევე როგორც ბარიერგადალახული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარტიის შეფასებით, ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი ფარულობის პრინციპის დარღვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი