ახალი ამბები

”ჩვენ ერთად ვართ”

25 ოქტომბერი, 2010 • • 1353
”ჩვენ ერთად ვართ”

დღეს გალერეაში ჰობი აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქველმოქმედო ცენტრ აფხაზეთთან ერთად, საინფორმაციო გზამკვლევის პრეზენტაცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა მოაწყო.

გამოფენასთან და წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, გალერეაში  ფონდ თანადგომას აღსაზრდელების ხელნაკეთი ნივთები და წარმოშობით აფხაზი მხატვრების ნამუშევრები იყო გასაყიდად გამოფენილი.

გამოფენაზე ითქვა, რომ გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

გამოფენის დასასრულს აღმოჩნდა, რომ შემოსული თანხის რაოდენობა სულ 30 ლარი იყო. ფონდი თანადგომას წარმომადგენელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მხოლოდ ერთი პეპელა და ერთი წყვილი ჩუსტი გაიყიდა. საერთო ჯამში, მათმა ნავაჭრმა 30 ლარი შეადგინა. გალერეა ჰობის წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ გამოფენილი ნახატებიდან არც ერთი არ გაყიდულა.

გალერეა ჰობის პირველ დარბაზში გამოფენილი იყო პროექტის – ”ინკლუზიური განათლება- ჩვენ ერთად ვართ” ფარგლებში გადაღებული ფოტოები. ფოტოებზე აღბეჭდილი თითქმის ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დღეს გალერეაში მშობლებთან თუ ახლობლებთან ერთად მოვიდნენ. ერთ-ერთ მათგანს საჩუქრად ეტლიც გადასცეს.

ნეტგაზეთი ბავშვების მშობლებს თუ ახლობლებს იმ საჭიროებებზე გაესაუბრა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ. ყველა ისეთ პრობლემასთან ერთად, რომელიც ბავშების ეტლით უზრუნველყოფას, ვარჯიშების თუ ოპერაციების ასანაზღაურებელ თანხებს უკავშირდება, მშობლების უმეტესობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას მიიჩნევს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ის, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,  თანაბარი განვითარების პირობებია.

საინფორმაციო გზამკვლევში, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოეწყო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახებისთვის რჩევები და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებია. აქვეა ბავშვების ფოტოები, რომელთა ნაწილიც გალერაში იყო გამოფენილი.

გალერეა ჰობიში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. მათ შორის, ის რამდენიმე ბავშვი, ვინც გალერეაში შეკრებილი სტუმრებისთვის იმღერა.

ერთ-ერთი მათგანი  მაია ხურცია, რომელიც ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ფორტეპიანოზე უკრავს. მან ორი დღის წინ პოლონეთიდან მიწვევა მიიღო. იგი შოპენის საერთაშორისო კონკურსზე  საქართველოს წარადგენს.

ამავე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე  გოდერძი, როგორც აღმოჩნდა, ისტორიის დიდი მოყვარულია და ოლიმპიადაზეც გადის.

გოდერძიმ გვითხრა, რომ სკოლაში კომპიუეტერსაც ითვისებს, სადაც ხმოვანი პროგრამაა, სპეციალურად უსინათლოებისთვის.

”ჯერ არ ვიცი, სად ჩავაბარებ, ჯერ ცოდნა უნდა დავაგროვო”,-გვითხრა გოდერძიმ, რომელიც სხვა თანასკოლელებთან ერთად, დირექტორის და მასწავლებლების გვერდით იდგა გამოფენაზე.

დღევანდელ შეხვედრაზე, როგორც ყოველთვის, ითქვა, რომ მსგავსი ღონისძიება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარება, მომავალშიც ხოლმე.

ღონისძიების შემდეგ ბავშვები  ისევ სკოლაში დაბრუნდნენ, უფრო სწორად კი,  პანსიონში, სადაც თბილისს გარეთ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები კვირიდან კვირამდე რჩებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი