ახალი ამბები

საერთაშორისო გამოძიებამ ცესკოს საქმიანობა უნდა შეისწავლოს — კორძაია

5 ნოემბერი, 2024 •
საერთაშორისო გამოძიებამ ცესკოს საქმიანობა უნდა შეისწავლოს — კორძაია

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ამერიკული კომპანია pro v&v-ის აუდიტის დასკვნა „ფარატინა ქაღალდია“ და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იქნა გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს.

„ეს ყველაფერი აჩენს უფრო მეტ კითხვას, ამიტომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობა“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საერთაშორისო გამოძიებამ სამივე პასუხისმგებელი პირის — სმრატმატიკის, პროვივის და ცესკოს — საქმიანობა უნდა შეისწავლოს. აუდიტის დასკვნაში არ იყოს შესწავლილი ქაღალდის შესაბამისობა იმ სტანდარტთან, რაც განსაზღვრულია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ცესკომ თვითონ განუსაზღვრა ის კრიტერიუმები, რაზეც აუდიტის სამსახურს პასუხი უნდა გაეცა, ამიტომ ეს აცდენა უკვე ძალიან სერიოზული ფაქტორია შესწავლის თვალსაზრისით. არ არის შესწავლილი მარკერის შესაბამისობა სტანდარტებთან. არ არის შესწავლილი კონვერტის სტანდარტი და ბიულეტენით ფარულობის დაცვის ხარისხი ბიულეტენის აპარატში შეცურების პროცესში. ასევე, ამ დასკვნებში არ არის პასუხი, თუ რატომ ვერ ატარებდა ვერიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს და რატომ გახდა მასობრივად პირადი ნომრების ხელით შეყვანა საჭირო არჩევნების დღეს. არ არის პასუხი, რატომ ხდებოდა ვერიფიკაციის აპარატების დესინქრონიზაცია საარჩევნო დღეს“, — განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, დიდი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო, „პროვივი“ და „სმარტმატიკი“ მოქმედებდნენ ერთობლივად იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულიყო კანონიერად.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „pro v&v”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები წარმოადგინა და დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი