ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ეწინააღმდეგებიან ბაქოში “COP-29-ში” მონაწილეობას

5 ნოემბერი, 2024 •
სომხეთში ეწინააღმდეგებიან ბაქოში “COP-29-ში” მონაწილეობას

ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომეხი პატიმრების დაბრუნების გარეშე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სომხეთის მონაწილეობას “COP29-ში”, რომელიც ბაქოში უნდა გაიმართოს.

“არ ვფიქრობ, რომ თუ იქნება პატიმრების დაბრუნების შესაძლებლობა, ჩვენ ვიყოყმანებთ. თუმცა დაველოდებით მოვლენების განვითარებას და დავაკვირდებით”, – განაცხადა მან და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დაეხმარება თუ არა “COP29” სომეხი პატიმრების დაბრუნებას ბაქოდან.

სიმონიანმა აღნიშნა ისიც, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზანში, BRICS-ის დროს, ისაუბრეს პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ახლახან კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, რომ სომხეთის მონაწილეობა კონფერენციაში ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

“კავკაზსკი უზელის” მიერ გამოკითხული პოლიტოლოგის, ანდრიას გუკასიანისა და პოლიტკომენტატორის, “STEP1-ის” რედაქტორის, ნაირა აირუმიანის თქმით, ბაქოში, “COP29-ში” სომხეთის მონაწილეობა აუცილებელი არ არის.

გუკასიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ რომელი პატიმარი გაათავისუფლონ.

“პატიმრების საკითხთან დაკავშირებით ევროპული და სხვა სახელმწიფოების უმრავლესობის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ისინი 2023 წლის შემოდგომაზე უნდა გამოსულიყვნენ. თუ მხარეები განაგრძობენ ზავის მხარდაჭერას სამხედრო შეტაკების შემდეგ, მაშინ საერთაშორისო წესით პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ”, – აღნიშნა გუკასიანმა.

პოლიტოლოგი დიდ შეცდომად მიიჩნევს სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ერევანში “COP29-ის” ჩატარებაზე უარის თქმას და ბაქოში გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას. ხოლო კონფერენციის დაკავშირება პატიმრების პრობლემასთან, მისი აზრით, არის “ცინიკური და არ აქვს გამართლება სომხეთის ხელისუფლების საქციელს”.

“პატიმრების გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სანამ აზერბაიჯანი ჩიხშია, მას სჭირდება ეს ხელშეკრულება, უნდა აჩვენოს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. უნდა აჩვენოს, რომ სომხეთის ხელისუფლება რასაც აკეთებს, ყველანაირად ემსახურება ალიევის ინტერესებს და სომეხ ხალხს ისე წარუდგენს, რომ თითქოს ჰუმანიზმის სახელით არის ასეთი დათმობები”, – აღნიშნა გუკასიანმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ პოლიტიკური გარიგებების ფარგლებში, “რომლებიც არსებობდა მოსკოვს, ერევანსა და ბაქოს შორის 2019 წლიდან, რამაც გამოიწვია ომი და ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში”.

გუკასიანს არ მიაჩნია, რომ თუ კონფერენციაში სომხეთი მიიღებს მონაწილეობას, ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება. მისი აზრით, შესაძლებელია რაიმე სახის დეკლარაციის ხელმოწერა, მაგრამ არა შეთანხმების, რადგან ის უნდა დაამტკიცონ ეუთოს ჯგუფის სხვა სახელმწიფოებმა და მთელი რიგი ქვეყნების მოთხოვნა – აშშ-ს, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების – არის ის, რომ აზერბაიჯანი დათანხმდეს მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემას, იქ საერთაშორისო ძალების შემოყვანასა და სომეხი ლტოლვილების დაბრუნებისთვის პირობების შექმნას, ასევე, პრობლემის გადაჭრის გზად რეფერენდუმის აღიარებას.

პოლიტოლოგის აზრით, ამ კითხვების გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ დაიდება, სანამ მთიანი ყარაბაღის საკითხი საერთაშორისო სამართლის საკითხია. ამ საკითხს აზერბაიჯანიც და სომხეთიც ვერ აუვლიან გვერდს.

ნაირა აირუმიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საკითხი სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებების კონტექსტში გადაწყდება, კერძოდ, ბაქოს პირობებით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში.

“პატიმართა დაბრუნება, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მიზანია, მაგრამ სომხეთის შეთანხმება “COP29-ის” მასპინძლობაზე ბაქოში, ფაქტობრივად, იმ დღეებში, როდესაც 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას სამარცხვინოდ ხელი მოეწერა ოთხი წლის წინ, არის არასწორი დიპლომატიური ნაბიჯი და მისი გაგრძელება იქნება სომხეთის მონაწილეობა ამ კონფერენციაში”, – აღნიშნა აირუმიანმა.

მას მიაჩნია, რომ თავად კითხვის ფორმულირება – პატიმრების გაცვლა პოლიტიკურ დათმობაზე ან პოლიტიკურ დამცირებაზე – უკანონო და შეუსაბამოა. აირუმიანი არ გამორიცხავს ბაქოში რაიმე დოკუმენტის ხელმოწერას.

“მე მგონია, რომ ეს “COP29-მდე” მოხდება. აშშ-ში არჩევნების შემდეგ, როცა გარკვეულწილად გაირკვევა, საითკენ ვითარდება მოვლენები, 9 ან 10 ნოემბერს, ბაქოში კონფერენციის წინა დღეს, შესაძლოა, გარკვეული დოკუმენტი გაფორმდეს. აზერბაიჯანულ დიპლომატიაში სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოეწერა განცხადებას, თუმცა აზერბაიჯანისთვის გამარჯვებულის სტატუსის მიმცემს, მაგრამ მისი მხრიდან ოკუპაცია და აგრესია რუსული ჯარების შემოსვლით დადასტურდა, რომელიც ყარაბაღში ეთნიკური წმენდით დასრულდა ჯერ კიდევ ხუთწლიანი ვადის დასრულებამდე. მეჩვენება, რომ აზერბაიჯანის მიზანია შეცვალოს 9 ნოემბრის, როგორც თარიღის მნიშვნელობა, სომხეთის კაპიტულაციის დღის, როდესაც სომხეთი ნებაყოფლობით ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომელშიც უარს ამბობს ყარაბაღზე”, – აღნიშნა მან.

ბაქოში გაეროს კლიმატის კონფერენციის წინა პერიოდში, უფლებადამცველმა ორგანიზაცია “Amnesty International-მა” გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და მოუწოდა ფორუმის მონაწილეებს, არ უგულებელყონ ეს პრობლემები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი