ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თავისუფლება აფხაზეთს” – რუსეთთან მორიგი შეთანხმების შემდეგ სოხუმში წარწერები გაჩნდა

4 ნოემბერი, 2024 •
“თავისუფლება აფხაზეთს” –  რუსეთთან მორიგი შეთანხმების შემდეგ სოხუმში წარწერები გაჩნდა

ტელეგრამ არხის “RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, გაჩნდა წარწერები: “ხალხის მოღალატეები”, “თავისუფლება აფხაზეთს” და ა.შ. წარწერების მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ფოტოებიRESPUBLICA


რუსეთისა და  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.

“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა  2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს  საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.

აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს “სავალდებულო რატიფიცირებას სახალხო კრებაში – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი