დღეს, პირველ ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რის საფუძველზეც თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ “ნაკლებად შემზღუდავი ზომა” (გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება) გამოეყენებინა და პატიმრობა ძალაში დატოვა. “სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და უფრო ნაკლებად შემზღუდავი ზომა არ გამოიყენა – პატიმრობა ძალაში დატოვა. ჩვენი აზრით, აშკარად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არ არსებობს აფგან სადიგოვის გაქცევის ან მიმალვის რისკები, რითაც პროკურატურა აპელირებს.
პროკურატურას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ამგვარი რისკები არსებობს. სადიგოვი დასუსტებულია, ის ვერ გადაადგილდება, მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს აქ, ხოლო აზერბაიჯანში წასასვლელი არ აქვს. მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს და ქვეყნიდან გასვლას ვერ შეძლებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მიმალვის რისკი არსებობს, არის აბსურდული”, – ამის შესახებ ნეტგაზეთთან “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.