ავტორი: მურატ გუკემუხოვი
სამხრეთ ოსეთში [დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი – რედ.] ყველა ყურადღებით აკვირდებოდა საპარლამენტო საარჩევნო კამპანიას საქართველოში და რა განცხადებებს აკეთებდნენ ქართველი პოლიტიკოსები კონფლიქტური რეგიონებისა თუ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე. “ქართული ოცნება„ რჩება ხელისუფლებაში და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე მოსკოვთან გარიგებაში შედის, თუ იმარჯვებს ოპოზიცია და ძალის გამოყენებით იბრუნებს ტერიტორიებს – იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო წრეებში ორივე მოსაზრებას აზრს მოკლებულად მიიჩნევდნენ, ამ პერსპექტივების გამო საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ცხინვალელების შიშის ტრიგერი გახდა.
სხვა თემებზე ცხინვალელებს საქართველოში მიმდინარე არჩევნები და კონკურენცია არ ანაღვლებთ. უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და არცახის დაცემის შემდეგ ვითარება სამხრეთ ოსეთშიც ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. 16 წლის წინ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მათთვის მომავალი კვლავ ბუნდოვნად გამოიყურება.
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვოს ოსებისთვის ბოდიშის მოსახდელად იმ ომისთვის, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო, სამხრეთ ოსეთში აღქმული იყო როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა. აქვე უნდა ვახსენოთ სერგეი ლავროვის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება “მოსკოვის მზაობის შესახებ, ხელი შეუწყოს საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუკი ისინი დაინტერესებული არიან ამაში”, და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის საპასუხო მოწოდება “ქმედით ნაბიჯებზე გადასვლასთან” დაკავშირებით, ანუ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავების შესახებ.
ყოველივე ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჭორები მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე შესაძლო კულუარული მოლაპარაკებების შესახებ.
თავის მხრივ, ივანიშვილის გამოსვლაზე ქართული ოპოზიციის რეაქციამ გაამყარა ოსების აზრი, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს 2008 წლისთვის რევანში სწყურია. სოციალურ ქსელებში, ძირითადად, ახალგაზრდებმა, რომლებიც უკვე ომის შემდეგ გაიზარდნენ, დაიწყეს წერა, რომ “სამაჩაბლო – საქართველოა”.
სამხრეთ ოსეთი მოიარა ფოტომ ტრანსპარანტით ქართულ ენაზე „არანაირი ბოდიში ღორებს! სიკვდილი სეპარატისტებს!”. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბანერის გაკვრაზე პასუხისმგებლობა არცერთ პოლიტიკურ ძალას აუღია, ოსები მიიჩნევენ, რომ ეს ბანერი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოპულარულმა ტელეგრამ არხმა “ბონვერნონმა” ტრანსპარანტის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “რევანშისტული განწყობები საქართველოში – ეს უბრალოდ სიტყვები არაა, ეს რეალური მუქარაა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს… ისტორია გვასწავლის: როდესაც პოლიტიკა ცვლილებას იწყებს, მას ძველი წინასწარგანწყობები და სიძულვილი ახლავს თან. ფხიზლად თუ არ ვიქნებით, შესაძლოა, ჩვენ კვლავ აღმოვჩნდეთ ეთნიკური წმენდის ან გენოციდის ზღვარზე. არავინ უნდა დაივიწყოს, რომ სიძულვილი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოიფრქვეს. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს სიბრმავისა და გულმავიწყობის უფლებას. მოდით, არ მივცეთ ისტორიას გამეორების საშუალება და წინააღმდეგობა გავუწიოთ რევანშისტულ განწყობებს იქამდე, სანამ ისინი ახალ ტრაგედიებამდე მიგვიყვანს”.
ამგვარად, ოსებისთვის საქართველოში საარჩევნო კამპანია ნიშნავდა არჩევნებს სამხედრო რევანშის მომხრეებსა და მათ შორის, ვინც მოსკოვთან ერთად ჰპირდება სამხრეთ ოსეთს, აიძულოს დაბრუნდეს საქართველოს წიაღში. შესაბამისად, ადგილობრივ საზოგადოებაში აქტიურად დაიწყო დისკუსიები შესაძლო პროექტებზე, რომლებიც მოსკოვმა და თბილისმა ცხინვალს შეიძლება შესთავაზონ – კონფედერაცია მოსკოვის გარანტიით და ა.შ.
სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის პოლიტიკური და საექსპერტო საზოგადოება ამ დისკურსს დაუფარავი სკეფსისით ხვდება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პლატფორმისთვის აუცლებელია ხოლმე და მასზე უარი თვითმკვლელობის ტოლფასია. ამავე დროს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სათუოა, ვინმე თუ მოიძებნა ისეთი, ვინც ოცნებობს, რომ სწორედ მას ერგოს წილად ტერიტორიების გამთლიანება. ეს დაახლოებით სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსების განცხადებებს ჰგავს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სწრაფვაზე, რაც მოსკოვისადმი ლოიალობის მაჩვენებელია, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არავის სურს დაემშვიდობოს ცალკე სახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ადგილობრივ ჩინოვნიკებს ბიუჯეტის ძარცვის გარანტიებს აძლევს, თან -დაუსჯელად.
მოსკოვმა შეამჩნია რა ოსი საზოგადოების შიშები, საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაიწყებს ცხინვალისა და სოხუმის აღიარების გადახედვას. ამ განცხადებებმა დაამშვიდა ყველა, თუმცა, დროებით.
როგორც ერთმა ოსმა მწერალმა თქვა ადამიანების მდგომარეობის აღსაწერად: “ჩვენს ხალხს სისხლი აქვს შეშინებული – ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსი სამხედროები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარეებს შორის იდგნენ, ჩუმად, გვიან ღამით პოზიციებს ტოვებდნენ სამხრეთელი ოსების გაფრთხილების გარეშე და მძინარე ცხინვალს ქართველ ბოევიკებს უთმობდნენ”. ეს 90-იანი წლების დასაწყისში იყო, თუმცა ადამიანებს ამ დრომდე ახსოვთ და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების არანაირი გარანტია ვერ აიძულებს მათ, 30 წლის წინანდელი მოვლენები დაივიწყონ.
დღევანდელი სამხრეთ ოსეთი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მისი შეიარაღებული ძალები ლიკვიდირებული არიან, კონფლიქტის უშუალო მონაწილეები ან დაბერდნენ, ან გარდაიცვალნენ, ბრძოლისუნარიანი კაცების ახალი თაობა კი თითქმის სრული შემადგენლობით უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომი იწელება, რუსეთის პოზიციები კი სუსტდება, საკუთარი პერსპექტივების გარშემო სამხრეთ ოსეთში მღელვარება იზრდება. საზოგადობაში არ არსებობს რწმენა, რომ საქართველო კვლავ არ შეეცდება ტერიტორიული დავის ძალით მოგვარებას. პირად საუბრებში ახსნებენ იმასაც, რომ რუსული სამხედრო ბაზა დაცარიელდა, მთელი ტექნიკა და სამხედრო მომსამსახურეთა დიდი ნაწილი უკრაინის ომშია გადასროლილი. სრულიად გასაგებია, რომ საქართველოს საზოგადოების რადიკალური სეგმენტის აგრესიული განცხადებები ამ შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებს სამხრეთ ოსეთში.
ცხინვალის ოფიციალურ ხელისუფლებას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საარჩევნო კამპანიაზე, მხოლოდ ის აჩვენა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და 25 ოქტომბრიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და “საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტი რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების აცილების მიზნით” საქართველოსთან გამშვები პუნქტები, “რაზდახანი” და “პერევი” ჩაკეტა.
“დღესდღეობით საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ვერც მეორე და ვერც მესამე ფრონტის გახსნას, ეს თავად საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს. ამის მიუხედავად, ივანიშვილს აქვს სხვა, უფრო კონსტრუქციული მიდგომა – რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რასაც, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყებს. ცხინვალის უუფლებო და ნომინალური ხელმძღვანელობის პირობები იდეალურ პირობებს ქმნის მისი გეგმების რეალიზაციისთვის, თბილისში ამას კარგად იაზრებენ”, – ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ტელეგრამ არხ “ბოვერნონზე” გავრცელდა.
აქ სტატიის ავტორი მიუთითებს მთავარ ფაქტორზე, რომელიც საზოგადოებაში გაურკვევლობის კომპლექსს აჩენს: სამხრეთ ოსეთის ხარისხობრივად დაბალი ელიტები. აქ აღარ არიან ისინი, ვისაც შეიძლება საკუთარი უსაფრთხოება ანდო, არ არსებობს პოლიტიკური ნება, საკუთარ თავზე აიღოს ომის დროს პასუხისმგებლობა, მოსკოვს წინააღმდეგობა გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში. ეს უკვე რიგითი რუსული ჩამოსხმის პროვინციელი ჩინოვნიკები არიან – ყაჩაღი კონფორმისტები, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე კონცენტრირებული.
სწორედ აქედან მომდინარეობს სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში გამყარებული აზრი, თითქოს რესპუბლიკას “ქართველებისთვის გადასაცემად ამზადებენ”.
ოსი ჟურნალისტის, რუსლან ტოტროვის აზრით, საზოგადოების რწმენის უქონლობა ხვალინდელ დღეში იმის გამოა, რომ 16 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ გამოჩნდა პოლიტიკური კლასი, რომელიც დაიჯერებდა საკუთარ სუვერენიტეტს და საზოგადოებას საკუთარი მაგალითით იმედს გაუჩენდნენ:
“სახელმწიფო ალანია დამაჯერებელი ტემპებით მოძრაობის იმისკენ, რასაც დასავლური პოლიტოლოგია failed state-ად [ჩავარდნილი, შეუმდგარი სახელმწიფო] განსაზღვრავს. ადგილობრივი მოღვაწეები სახეს იხოკავენ, რომ “აი, რუსეთი მიგვატოვებს!” თითქოს საუბარი იყოს სათამაშოზე, რომელსაც უკვე მოზარდი ბავშვი რომელიმე კუთხეში მოისვრის. დაახლოებით ასევე გამოიყურება, როგორც ჩანს, შუა სტატისტიკური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწის მსოფლმხედველობა სამხრეთ ოსეთში, სადაც თუნდაც ნაწილობრივ აღიარებული, მაგრამ მაინც სახელმწიფო, რუსეთის ხელში სათამაშოს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანებს, რომლებიც მზად უნდა იყვნენ სახელმწიფოს მშენებლობისთვის, არანაირი უნარი არ აქვთ სახელმწიფოს მშენებლობის და არც სუვერენიტეტის პრინციპებით აზროვნებენ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბევრი პრობლემა”, – უთხრა რუსლან ტოტროვმა “ეხო კავკაზას” ინტერვიუში.
ამ თვალსაზრისით, საქართველოში ნებისმიერი არჩევნების შედეგი ერთნაირად შემაშფოთებელია სამხრეთ ოსეთისთვის, რადგან მისი ელიტები პრინციპში არ არიან მზად მოვლენების განვითარების არცერთი სცენარისთვის, მზად მხოლოდ რუსული ფულის შთანთქმისთვის არიან.