განახლება [17:04]: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ სხვისი საბუთით ხმის მიცემას ცდილობდა დეპუტატ დარგალის ძმა. „ნეტგაზეთი“ ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომისთვის.

დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში პირი სხვისი, დეპუტატ ზაურ დარგალის ძმის პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. თავად ზაურ დარგალი ამბობს, რომ ეს „ფეიკია“.

„ფაქტი იყო – სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი. საბოლოოდ, ხმა ვერ მისცა. დრო დაგვჭირდა ოქმის შესადგენად და მოვაწერე ხელი“, – ამბობს ერთ-ერთი დამკვირვებელი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე ასევე მცირე კამათი იყო კომისიის წევრებს შორის – ერთ-ერთი წევრი საყვედურობდა თავმჯდომარეს, უკანასკნელმა კი აღნიშნა, რომ დამრღვევი საარჩევნო უბნიდან გააძევა და თავისი მოვალეობა შეასრულა.