აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ აღნიშნა, რომ “უსაფრთხოების გასაძლიერებლად გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებითი ნაწილებს შეიყვანენ”. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ აფხაზეთი [დე ფაქტო] “მზად დახვდება ნებისმიერ პროვოკაციას”.

“ეს არის ზუსტად ის ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაუსახა უსაფრთხოების ძალებს”, – აღნიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა.

ლოლუა მდინარე ენგურის ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გაუარესებას კონტროლირებად ტერიტორიაზე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და აფხაზეთთან [დე ფაქტო] დაკავშირებით “მეორე ფრონტის გახსნის” შესაძლებლობის შესახებ განცხადებებს უკავშირებს.

ლოლუას თქმით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჯარის მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს აზრს, რომ “უკრაინაზე ნაკლებად არ იბრძოლებენ”.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში და ვაკეთებთ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების პროგნოზს”, – აღნიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.


“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების მცდელობებით”.

ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა მოიწონეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება ენგურის საგუშაგოზე გადასვლის შეჩერების შესახებ, თუმცა დაწესდა გარკვეული გამონაკლისები: “უკან დაბრუნება შეეძლებათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც ადრე ლეგალურად გადავიდნენ საქართველოში. ასევე, მოიაზრება ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება (“ჩერნომორენერგოს” მეშვეობით)”.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა მუშაობის გაძლიერება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს.