საქართველოს საკითხზე დღეს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომაზეც იმსჯელებენ.

გენერალურ საქმეთა საბჭო ძირითადად შედგება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ევროპის საქმეთა მინისტრებისგან. დღევანდელ შეხვედრას ლუქსემბურგში ხელმძღვანელობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის მინისტრი  ევროკავშირის საკითხებში იანოშ ბეკა.

განსახილველ საკითხებს შორისაა 17-18 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის მომზადება, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირ-შვეიცარიის ურთიერთობები. ამასთან, დღის წესრიგით გათვალისწინებული „ნებისმიერი სხვა საკითხის“ ფარგლებში, „გერმანიის დელეგაცია განიხილავს მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აფერხებს.

„ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ალბანეთის ევროინტეგრაციის საკითხზე. ევროკავშირის წევრობის სურვილი და ოცნება აქვთ ქართველებსაც, თუმცა საქართველოს მთავრობა ქართველებს ამ გზისკენ მიმავალ გზაზე დიდ სირთულეებს უქმნის. ერთ მხარესაა მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს — მოსახლეობა, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. ქართველებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, — თქვა მან.

საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარებას განიხილავდნენ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს.

„ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება”, — თქვა ბორელმა.