ავტორი: ქეთევან ხუციშვილი
რამზან კადიროვის პირადი სპეცრაზმის მეთაური, აფთი ალაუდინოვი, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ კან კვარჩიას ადანაშაულებს ჩეჩენ და აფხაზ ხალხებს შორის კონფლიქტის პროვოცირებაში.
კვარჩია იყო ერთ-ერთი, ვინც რუსული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმიდან შამილ ბასაევის პორტრეტის ჩამოხსნას შეეწინააღმდეგა. ბასაევი აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, შემდგომ კი რუსეთს ებრძოდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის და მოსკოვის განცხადებით, რუსეთში არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო.
ალაუდინოვი მიიჩნევს, რომ „დეპუტატი კან კვარჩია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩეჩენ და აფხაზ ხალხებს შორის კონფლიქტი შეიქმნას“.
„ახმატის“ მეთაური განმარტავს, რომ მიუხედავად ბასაევის როლისა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ის არაერთი ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო, რის გამოც მისი სახელი დავიწყებას უნდა მიეცეს:
„მე მინდა ვკითხო აფხაზ ხალხსა და ამხანაგ კანს – ნამდვილად მზად ხართ, საფრთხე შეუქმნათ კავკასიის ყველა ხალხთან ურთიერთობას მხოლოდ თქვენი პირადი ინტერესებისთვის? შესაძლოა, შამილ ბასაევი ერთ დროს გმირი გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ჭკუიდან გადავიდა და სისხლიან მკვლელად გადაიქცა. ის უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ამ ხალხის ახლობლები დღემდე დიდი სიძულვილით მოიხსენიებენ მას. ვინც დღეს მის გმირად ქცევას შეეცდება, ამ სიძულვილის უშუალო გამომწვევი იქნება“, – ამბობს ალაუდინოვი.
ბასაევის პორტრეტი, რომელიც აფხაზეთის „სახელმწიფო მუზეუმის“ თანამედროვე ისტორიის პავილიონში ეკიდა, რუსული მხარის უკმაყოფილების საგანი გახდა. ადმინისტრაციამ მის ჩამოხსნაზე უარი თქვა, თუმცა რუსი დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ პორტრეტი მაინც ჩამოხსნეს.