პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დუდამ აღნიშნა, რომ ევროპაში მოუთმენლად ელიან საქართველოს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც წინაპირობაა საქართველოს გაწევრიანებისთვის ევროკავშირში, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.
ახლახან საქართველოში ,,უცხოური გავლენის გამჭირვალოსბის შესახებ“ კანონი მიიღეს და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.