რუსეთის დუმის დეპუტატის, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება არ მოხდება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საუბრობს.
როგორც ზატულინი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო გაკეთდა. მისი თქმით, ამ გზით მმართველი პარტია ცდილობს ამომრჩევლის ყურადღება მიაპყროს იმას, „თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით“.
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. არანაირი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება არ მოხდება.
რუსეთი არანაირ გავლენას არ მოახდენს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რისი იმედიც ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. საკუთარი გადაწყვეტილების რაიმე ეფემერულ სარგებელზე გაცვლის არანაირი გეგმა არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა ზატულინმა.
“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.