ახალი ამბები

აშშ-სგან იზოლირება არ შედის ქართველი ხალხის ინტერესში — დანიგანი კობახიძეს ეხმაურება

18 სექტემბერი, 2024 •
აშშ-სგან იზოლირება არ შედის ქართველი ხალხის ინტერესში — დანიგანი კობახიძეს ეხმაურება

„საქართველოს ხელისუფლების საქციელი, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა — არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.

რობინ დანიგანის თქმით, ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ახდენს საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში.

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთანაა, ქმედებები და განცხადებები კი, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, რომ გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო“, — განაცხადა დანიგანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს 17 სექტემბერს შეხვდა და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი