დღეს, 17 სექტემბერს, პარლამენტთან დედების აქცია გაიმართა. ისინი ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო პაკეტს აპროტესტებდნენ, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მედეა ტურაშვილის თქმით, პარლამენტის მიღებული კანონი ოჯახებს არ იცავს:
“აქ მოვედი ჩემი პროტესტის გამოსახატად ამ სულელური კანონის შესახებ, რომელსაც რატომღაც ოჯახის სიწმინდის კანონი თუ რაღაც მსგავსი დაარქვეს. არცერთი მშობელისთვის არ უკითხავთ, თუ რა გვჭირდება ჩვენ ოჯახების დასაცავად. ეს კანონი ჩვენს ოჯახებს არ იცავს.
ის საერთოდ არავის იცავს, არავის არაფერში ეხმარება. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი განათლება ჩვენი შვილებისთვის, ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის სკოლებში, ჩვენ გვჭირდება სოციალური სახელმწიფო, რომელიც ოჯახებს გააძლიერებს და ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში შესვლა. ეს კანონი ამ საკითხებს არ არეგულირებს და ევროკავშირის შემთხვევაში, გაწევრების წინააღმდეგ მიდის” ,- აღნიშნავს ის.
პარლამენტის დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია ცენზურას აწესებს.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შინაარსს, ის მოიცავს ერთ ძირითად და 18 გამომდინარე კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, მათ შორის – სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსსა და ა.შ.
