ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ წევრს, ზურაბ აბაევს პოლიციელები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აბაევი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს, პარტიის ნაძალადევის შტაბის მიმდებარედ მოხდა.

ენმ-ში ამბობენ, რომ აბაევი შტაბში მიდიოდა, რა დროსაც შენობის მიმდებარედ შეამჩნია, როგორ უღებდნენ ფოტოებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. როცა მათ ჰკითხა, ვინ იყვნენ და რა მიზნით უღებდნენ ფოტოებს, უპასუხეს, რომ პოლიციელები არიან და საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. კომუნიკაცია ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ენმ-ის ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგობიანის ინფორმაციით, ფანჯრიდან დაინახეს, როგორ სვამდნენ ძალით მანქანაში ნაცემ აბაევს. მისივე ინფორმაციით, შტაბთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 ადამიანი იყო მობილიზებული. გიორგობიანი ამბობს, რომ მანქანა, რომლითაც აბაევი წაიყვანეს, გუშინ, 15 სექტემბერს, ღამის პირველ საათამდე ენმ-ის ნაძალადევის ოფისთან იდგა და სავარაუდოდ, მათ უთვალთვალებდა.

ენმ-ის იურისტის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, აბაევი ჯერ ნაძალადევის განყოფილებაში, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იურისტის თქმით, სასწრაფო დახმარება თავად გამოიძახა მას შემდეგ, რაც აბაევი პირადად მოინახულა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრს ნაძალადევის შტაბთან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააჩერეს უკანონოდ. ამის შემდეგ დააკავეს და ცემა-ცემით გადმოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან აღებინა რამდენიმეჯერ. გამოვიძახეთ სასწრაფო მანქანა, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნება დაზიანებები სახეზე. ასევე, იტკიებს მუცელს […] დაზარალებულმა აღნიშნა, იცოდნენ, მე ვინ ვიყავიო და მაგიტომაც გამისწორდნენო. როდესაც ჩავიარე, რამდენიმე რეპლიკა მომაძახესო. დარწმუნებული ვარ, იცოდნენ, ვინ ვარო”, – უთხრა ტყეშელაძემ TV პირველს.

შსს-ს გამოძიება ორი  მუხლით- წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) ბრალდებით აქვს დაწყებული.