ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.
ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება სირცხვილია და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.
ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით“, – ნათქვამია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორში, საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის ღირსების აყრა სცადა.
„მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ძმების სისხლი დავღვარეთ, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ჩვენს ერზე ეძალადა და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთ პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებს.
საერთოდაც, ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როცა პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებ, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო.
„ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის“, – დაწერა Facebook-ზე მამუკა ხაზარაძემ.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ივანიშვილის განცხადება სახელმწიფოს ინტერესების ნამდვილი ღალატია.
„როდესაც არაფერი გაგეგება კონფლიქტის გენეზისში, მის ანალიზსში და ცხადია მენეჯმენტში ქვეყნისთვის კატასტროფულად დამაზიანებელი სისულელეების ბოდვას იწყებ! და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო გახლიჩო, ერთმანეთს წაკიდო და წინასაარჩევნოდ გაპარტახებული „მხარდაჭერა“ რამენაირად დაამობილიზო სახელმწიფოს ინტერესების ნამდვილი ღალატის გარდა, 2008-ის და 90-ების ომებში დაღუპული გმირების სულში ჩაფურთხებაცაა…
უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილია ამ ყველაფრის ლაპარაკი“, – დაწერა Facebook-ზე კახა ქემოკლიძემ.