ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოზგანი რუსეთის საინვესტიციო პროექტების შესახებ აფხაზეთში

13 სექტემბერი, 2024 •
ოზგანი რუსეთის საინვესტიციო პროექტების შესახებ აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების დოკუმენტი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ “არ ცვლის კანონმდებლობაში არსებულ ნორმას, რომ რუსეთის იურიდიულ პირებს შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო პროექტები აფხაზეთში,  რესპუბლიკაში [დე ფაქტო] რეგისტრირებული ფილიალების მეშვეობით”.

ოზგანმა განაცხადა, რომ მხარეებმა დაადგინეს საინვესტიციო სფეროები, რომლებიც ექვემდებარება მთავრობათაშორის შეთანხმებას – ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოების მრეწველობა, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

ენერგეტიკაზე საუბრისას დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ საუბარია გენერაციის ობიექტებზე.

“ამ შემთხვევაში, არსებული გენერაციის ობიექტები დენაციონალიზაციას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, საუბარია ახალი თაობის სადისტრიბუციო ქსელების მშენებლობაზე, რომელიც არ შედის ამ ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ოზგანმა.

კრისტინა ოზგანმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს შეღავათებს მეწარმეებისთვის.

“იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს პროექტს მინიმუმ ორი მილიარდი რუბლის ინვესტიციის მოცულობით, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან რვა წლის განმავლობაში ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან”, – თქვა ოზგანმა.

ამასთან, აფხაზური მხარე ინვესტორს  დღგ-ის დაბრუნების უფლებას აძლევს ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან რვა წლის განმავლობაში.

დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2023 წლის ბოლოს დასრულდა აფხაზური და რუსული მხარეების მიერ შეთანხმების ტექსტის ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ოზგანის თქმით,  ამჟამად შეთანხმება სახალხო კრებაში განიხილება და უკვე გაიმართა შესაბამისი კომიტეტის სხდომა. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ დეპუტატთა კორპუსს აქვს წინადადებები და შენიშვნები ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.


“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.

“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვიღებდით”, – განმარტა შამბამ.

შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი [დე ფაქტო] ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.

“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.

შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად გამართლებული სანქციაა.

“სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ”, – განაცხადა შამბამ.

შამბამ ასევე კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლზე განაცხადა, რომ ბჟანია კოზაკს 19 აგვისტოს შეხვდა, ხოლო დოკუმენტი 26 აგვისტოს შეადგინეს.

“ამ დოკუმენტის წერის პროცესს პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ამიტომ ვერ დაადასტურა მისი ნამდვილობა. ერთადერთი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ არ აიღო არანაირი ვალდებულება, მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ”,- აცხადებს შამბა.

შამბამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ცდილობენ გარკვეული “არხებით ამ დოკუმენტის მიღებას”, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი ჩამოსულა, რის გამოც მას, როგორც ნამდვილ დოკუმენტს, ვერ განსაზღვრავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი