რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კურსკის ოლქში 10 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩრდილოეთის დაჯგუფების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის ორი კონტრშეტევა ფანასევკასა და სნაგოსტის დასახლებების მიმართულებით და აღკვეთეს თავდასხმის მცდელობა ოლგოვკას დასახლების მიმართულებით“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
რუსული მხარის ცნობით, სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციები გრძელდება ტყის რაიონებში უკრაინის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარები კურსკის რეგიონში კონტრშეტევაზეა გადასული, თუმცა ირწმუნება, რომ ყველაფერი უკრაინული გეგმით მიდის.
„რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევითი მოქმედებები. ეს ჩვენი, უკრაინული გეგმის მიხედვით მიდის“, — განაცხადა ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კიევში.
11 სექტემბერს უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა Deep State განაცხადა, რომ კურსკის ოლქში, უკრაინული ჯგუფის მარცხენა ფლანგზე სიტუაცია გაუარესდა და რუსეთის ჯარებმა აქტიური თავდასხმის ოპერაციები დაიწყეს.
„რუსულ ძალებს შესაძლოა, განზრახული აქვთ უკრაინის კონტროლირებადი ნაწილის დროებით გაყოფა კურსკის რეგიონში, სანამ დაიწყებენ უფრო ორგანიზებულ და კარგად აღჭურვილ ძალისხმევას უკრაინული ძალების რუსეთის ტერიტორიიდან განსადევნად“, — წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეიჭრნენ და აგვისტოს ბოლომდე 100-მდე დასახლება, 1300-მდე კმ² დაიკავეს.