საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
ოსური მედიის ინფორმაციით, 121-ე შეხვედრაზე ცხინვალის მხრიდან კვლავ განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები და საზღვრის დარღვევის სტატისტიკა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ბოლო შეხვედრის შემდეგ.
ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაცია, ტრადიციულად, სოფელ უისტაში (წნელისი) საქართველოს პოლიციის “უკანონო პოსტის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოხსნის საკითხს დააყენებს”.
შეხვედრები IPRM ფორმატში იმართება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ეხება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს. დიალოგში მონაწილეობენ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო], რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.