“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 30-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ და ცალკეულმა აქტივისტმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ყურადღება გაამახვილეს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების პრობლემებზე ბაქოში კლიმატის კონფერენციის COP29-ის წინა პერიოდში.
“აზერბაიჯანის მთავრობას აქვს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის გრძელვადიანი და კარგად ჩამოყალიბებული ნიმუში. ასეთ დროს, ისეთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა, როგორიც არის “COP29″, იწვევს სერიოზულ შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის გარემოსდაცვითი აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების, თავისუფლად და უსაფრთხოდ მიიღონ მონაწილეობა საჯარო დისკუსიებში კონფერენციის დაწყებამდე, მსვლელობისას და შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ფოკუსირება აზერბაიჯანზე COP 29-ის წინა პერიოდში იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გამოიხატოს ღრმა შეშფოთება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების გამო და მოითხოვოს შეურაცხყოფის შეწყვეტა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ქვეყანაში ასობით ადამიანი გისოსებს მიღმაა. ხელმომწერები აცხადებენ, რომ დაკავებების ახალი ტალღა ამჟამადაც მიმდინარეობს – ათობით აქტივისტი და მედიის წარმომადგენელი უსაფუძვლო, მძიმე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.
კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა დაგმო შახლა ქერიმის დაკავება და სამუშაო ადგილიდან იძულებითი გაძევება. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ინციდენტის სწრაფი გამოძიების დაწყებისკენ.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სწრაფად უნდა მოძებნოს და პასუხისგებაში მისცეს ქერიმის დაკავებაში პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მისი ჟურნალისტური აღჭურვილობის დაბრუნება.
“ჟურნალისტი შახლა ქერიმი იძულებით წაიყვანეს ასობით კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ახორციელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას, რომ გაეშუქებინა არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროტესტი. ეს არის მედიის დევნისა და უკანონობის კიდევ ერთი მაგალითი აზერბაიჯანში მედიის მიმართ”, – განაცხადა ორგანიზაციის ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა.
ქერიმი, როგორც რამდენიმე დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს თავისუფალი ჟურნალისტი, აშუქებდა ვაფა ნაგის საპროტესტო აქციას. მან განუცხადა ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს, რომ დაკავებისას არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტია, მაგრამ ეს იგნორირებული იყო მამაკაცების მიერ, რომლებიც, მისი აზრით, სამართალდამცავები იყვნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე ფორმიანი პოლიცია არ ჩარეულა.
ჟურნალისტის თქმით, მამაკაცებმა მას უთხრეს, რომ “ბრძანებას” ასრულებდნენ და, სავარაუდოდ, შემდგომი ქმედებების შესახებ მითითებებიც მიიღეს.
როგორც ქერიმმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დაკავებულები ბაქოს გარეუბანში დატოვეს და ტელეფონები დაუბრუნეს, მაგრამ ქერიმს მიკროფონი არ დაუბრუნეს.