მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა.
გუშინ, 11 სექტემბერს, “პრაიმშოუს” ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა ვიდეო, საიდანაც ღვინიაშვილი მადლობას უხდის თანაწამყვანებს, გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს, არხს და მაყურებელს.
ვიდეოში ღვინიაშვილი არ საუბრობს გადაცემის დატოვების მიზეზების შესახებ.
დღეს, 12 სექტემბერს, იგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ვერსიებს მის მიერ “იმედის” დატოვების შესახებ.
“ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. პრაიმშოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს, არც პოლიტიკას”, – წერს ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე თვის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ღვინიაშვილმა და “პრაიმშოუს” კიდევ ერთმა წამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა “პრაიმშოუ” დატოვეს.
ისინი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” იმ რამდენიმე სახეს შორის იყვნენ, რომლებმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივი დარბევა გააპროტესტეს. როგორც ღვინიაშვილი, ისე ბადურაშვილი პოლიციელების მიერ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დარბევას “ინსტაგრამის” ე.წ. სთორიში გამოეხმაურნენ.
იმ პერიოდში “ნეტგაზეთი” ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას როგორც ღვინიაშვილთან და ბადურაშვილთან, ისე გადაცემის კიდევ ერთ თანაწამყვანთან და პროდიუსერთან, ნოე სულაბერიძესთან. თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არცერთმა არ უპასუხა.
ღვინიაშვილისა და ბადურაშვილის მიერ გადაცემის დატოვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაცემა ეთერში არ გადიოდა.
მოგვიანებით გადაცემა ეთერში დაბრუნდა წამყვანთა სრული შემადგენლობით.
იმ პერიოდში, “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, “იმედი” სამმა სახემ დატოვა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა.