“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა დაგმო შახლა ქერიმის დაკავება და სამუშაო ადგილიდან იძულებითი გაძევება. ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ინციდენტის სწრაფი გამოძიების დაწყებისკენ.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სწრაფად უნდა მოძებნოს და პასუხისგებაში მისცეს ქერიმის დაკავებაში პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მისი ჟურნალისტური აღჭურვილობის დაბრუნება.
“ჟურნალისტი შახლა ქერიმი იძულებით წაიყვანეს ასობით კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ახორციელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას, რომ გაეშუქებინა არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროტესტი. ეს არის მედიის დევნისა და უკანონობის კიდევ ერთი მაგალითი აზერბაიჯანში მედიის მიმართ”, – განაცხადა ორგანიზაციის ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა.
ქერიმი, როგორც რამდენიმე დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს თავისუფალი ჟურნალისტი, აშუქებდა ვაფა ნაგის საპროტესტო აქციას. მან განუცხადა ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს, რომ დაკავებისას არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტია, მაგრამ ეს იგნორირებული იყო მამაკაცების მიერ, რომლებიც, მისი აზრით, სამართალდამცავები იყვნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე ფორმიანი პოლიცია არ ჩარეულა.
ჟურნალისტის თქმით, მამაკაცებმა მას უთხრეს, რომ “ბრძანებას” ასრულებდნენ და, სავარაუდოდ, შემდგომი ქმედებების შესახებ მითითებებიც მიიღეს.
როგორც ქერიმმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დაკავებულები ბაქოს გარეუბანში დატოვეს და ტელეფონები დაუბრუნეს, მაგრამ ქერიმს მიკროფონი არ დაუბრუნეს.
პირველ სექტემბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, Amnesty International-მა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნაზე და მოითხოვა ბახრუზ სამედოვისა და სხვა ხელისუფლების კრიტიკოსების გათავისუფლება.
“ხელისუფლების კრიტიკოსების საგანგაშო ახალი დაპატიმრებები არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს მკაცრად უნდა დაგმოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ორი ცნობილი ფიგურა დააკავეს ცრუ ბრალდებებით, ხოლო სხვები დაექვემდებარნენ მუქარასა და შევიწროებას”, – განაცხადა Amnesty International-ის მკვლევარმა სამხრეთ კავკასიაში ნატალია ნოზაძემ.
მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნა სხვა არაფერია, თუ არა “განსხვავებული აზრის აღკვეთისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, განსაკუთრებით მათი, ვინც სომხეთთან მშვიდობის მომხრეა”.
“რადგან აზერბაიჯანი ემზადება COP29-ის მასპინძლობისთვის ამ წლის ნოემბერში, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერებმა მთავრობას პასუხისმგებლობა დააკისრონ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც დააკავეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ დაიცვეს საკუთარი უფლებები. აზერბაიჯანმა ასევე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ახლახან ხელმოწერილი COP29 -ის მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება”,- განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა.