ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი მზადაა, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსთან – ფაშინიანი

10 სექტემბერი, 2024 •
ერევანი მზადაა, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსთან – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან შეთანხმებულ დებულებებზე.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ფაშინიანი აღნიშნულ საკითხს შეეხო ფორუმზე “ერევნის დიალოგზე” .

“ამ ბოლო დროს ბევრი გვსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია. ამის შესახებ იყო განცხადებები სხვადასხვა პლატფორმებზე და მინდა აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, პროექტის 13 მუხლი და პრეამბულა სრულად არის შეთანხმებული, ხოლო კიდევ სამი მუხლი, რომელიც ძირითადად ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ შეთანხმებულია. უფრო ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ მუხლებში ერთი მუხლი შეთანხმებულია, მეორე – არ არის შეთანხმებული.

იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობების დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სომხეთის რესპუბლიკა, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას ხელი მოეწეროს, შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე. მით უმეტეს, რომ ეს წარმოადგენს სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი შეთანხმებულ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მექანიზმს, რაც ორივე მხარეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ დისკუსია ერთობლივი მექანიზმით”,- აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამად შეთანხმებული ნაწილი შეიცავს დებულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

“ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, ჩემი მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა განაცხადა, რომ  აზერბაიჯანს გადაეცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავს სრულად შეთანხმებულ ტექსტს.

“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოკლე დროში მოეწეროს”,- აღნიშნა მან.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 9 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აიხან გაჯიზადემ განაცხადა, რომ სომხური მხარის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი სრულად არის შეთანხმებული, არ შეესაბამება რეალობას, ხოლო ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ კონსენსუსი მიღწეული არ არის.

“მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ბევრი დებულება, დაახლოებით 80% უკვე შეთანხმებულია, ზოგიერთი დებულება ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროექტიდან არაკოორდინირებული დებულებების გამორიცხვით, როგორც ამას სომხური მხარე გვთავაზობს. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. იმის გამო, რომ სამშვიდობო შეთანხმება იყოს მდგრადი და წარმატებული, პროექტმა უნდა განმარტოს პრობლემური საკითხები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებებით”, – ციტირებს გაჯიზადეს სიტყვებს “აპა”.

გაჯიზადემ აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს “წერილობითი და ხელმოწერილი ვალდებულებები”, გახსნას კომუნიკაციები, რომლებიც აკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

“თუ სომხური მხარე ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში კომუნიკაციების გახსნით, მაშინ მან უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი