აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აიხან გაჯიზადემ განაცხადა, რომ სომხური მხარის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი სრულად არის შეთანხმებული, არ შეესაბამება რეალობას, ხოლო ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ კონსენსუსი მიღწეული არ არის.
“მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ბევრი დებულება, დაახლოებით 80% უკვე შეთანხმებულია, ზოგიერთი დებულება ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროექტიდან არაკოორდინირებული დებულებების გამორიცხვით, როგორც ამას სომხური მხარე გვთავაზობს. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. იმის გამო, რომ სამშვიდობო შეთანხმება იყოს მდგრადი და წარმატებული, პროექტმა უნდა განმარტოს პრობლემური საკითხები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებებით”, – ციტირებს გაჯიზადეს სიტყვებს “აპა”.
გაჯიზადემ აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს “წერილობითი და ხელმოწერილი ვალდებულებები”, გახსნას კომუნიკაციები, რომლებიც აკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.
“თუ სომხური მხარე ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში კომუნიკაციების გახსნით, მაშინ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები”, – განაცხადა მან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს გადაეცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავს სრულად შეთანხმებულ ტექსტს.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოკლე დროში მოეწეროს”,- აღნიშნა მან.
News.am-ის ცნობით, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მიდგომა არ შეცვლილა კომუნიკაციების საკითხთან დაკავშირებით.