ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო კვლავ ადანაშაულებს ერევანს საზღვარზე სროლაში

5 სექტემბერი, 2024 •
ბაქო კვლავ ადანაშაულებს ერევანს საზღვარზე სროლაში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ორდუბადის ოლქის მიმართულებით.

სამხედრო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა საჭირო ზომები უკვე მიიღო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ტელეგრამ არხზე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს დაახლოებით 19:35 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით, რომლებიც მდებარეობს სასაზღვრო ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არ შეესაბამება რეალობას.


28 აგვისტოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანის რესპუბლიკის საზღვარზე, სოფელ გეიდარაბადთან, აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლა დაახლოებით 6:45 საათზე დაფიქსირდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა აზერბაიჯანის სამხედრო დეპარტამენტის შეტყობინებას.

“ინფორმაცია, რომ თითქოს 28 აგვისტოს, დაახლოებით 06:45 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, არ შეესაბამება რეალობას”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყებამ აღნიშნა ისიც, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს ჰქონდა შეთავაზება, შექმნილიყო ერთობლივი ორმხრივი მექანიზმი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი