ახალი ამბები

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორეზე რამდენიმე ადამიანი – ბესელია რუსულ კანონზე

29 აგვისტო, 2024 •
სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორეზე რამდენიმე ადამიანი – ბესელია რუსულ კანონზე

„სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ კანონის ავტორები, რომლების საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვისას.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დღეს, 29 აგვისტოს, დაიწყო. ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

„როდესაც საუბარია რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე, შეჩერების შემთხვევაში ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ამაზე ცალსახა პასუხია, რომ არა.  ვის უფლებებს დაიცავთ? – ალბათ, ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც თავის ქვეყნის მომავალი მოაზრებული და დანახული აქვს ევროპულ ოჯახში, რათა მიიღოს ის სიკეთე, რასაც ეფუძნება ეს კავშირი და უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ.

სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი – ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნისთვის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. ეს დევს სასწორის მეორე პინაზე. თქვენთვისაც [ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის] ეს დევს სასწორის ორივე მხარეს.

ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით თავადაც უნდა უპასუხოს იმ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას და კიდევ ერთხელ გაიაროს ძალიან მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


დღეს, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დაიწყო.

სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.

რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.

მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვა დაიწყო საკონსტიტუციომ 29 აგვისტოდან.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილს და არჩილ გორდულაძეს უნდა წარმოედგინათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან.

სხდომას ავადმყოფობის გამო არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი