ახალი ამბები

“გორმედში” გარდაცვლილი ფეხმძიმის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვენ

28 აგვისტო, 2024 •
“გორმედში” გარდაცვლილი ფეხმძიმის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვენ

„გორმედში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, პაციენტის გარდაცვალება მედიკოსების პასუხისმგებლობაა, ამიტომ ექიმებს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

როგორც დაღუპულის დედამ ტელეკომპანია “მთავართან” აღნიშნა, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი ჯერ კარგად იყო და ოჯახის წევრებმა მისი ნახვა მოახერხეს, თუმცა საღამოს მისი მდგომარეობა დამძიმდა.

“ოპერაციის შემდეგ წავედით პალატაში. ამ დროს, ჩემი შვილი კარგად იყო, ნორმალურად შეგვხვდა, ლაპარაკობდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად იყო და მორიგე ექიმს გადააბარა. 9-ის ნახევარზე ცუდად გახდა და გული გაუჩერდა”, – თქვა დაღუპულის დედამ.

გარდაცვლილი მაგდა ბალიაშვილის მეუღლის თქმით, ოჯახი ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსპერტიზამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაადგინოს.

“კლინიკამ თავიდან გვითხრა, რომ თრომბი არისო. მერე გვითხრეს, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხომ არ ჰქონდაო. ისიც არ იკადრეს, რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ასეთი მდგომარეობა იყო. პოლიციელი მომიგზავნეს და მან მითხრა, აპარატი უნდა გამოვრთოთ, აზრი აღარ აქვსო. ყველანაირად ვეცდები, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ექსპერტიზის პასუხი ზუსტი მოვიდეს და მისი გარდაცვალების მიზეზი დაადგინონ. ყველას სჯეროდეს, რომ ამ საქმეს გამოუძიებელს არ დავტოვებ”, – აღნიშნა დაღუპულის მეუღლემ.

მედიაზე დაყრდნობით, კლინიკა “გორმედის” პრესსამსახურმაც გაავრცელა განცხადება და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას,”- აღნიშნულია “გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი