ხვალ, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე იმსჯელებს.
სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.
რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.
მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვას დაიწყებს საკონსტიტუციო 29 აგვისტოდან.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან.
როგორც თამარ კორძაია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ხვალ გაცხადდება, დაადგება თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავტორიტარიზმის გზას. დეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და სასამართლოს ამის მტკიცე და უტყუარ არგუმენტებს წარუდგენენ, რომელიც გამყარებულია დასავლური პრაქტიკითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით:
„თუ ჩვენი საკონსტიტუციო გადაწყვეტს მიიღოს ისეთივე გადაწყვეტილება როგორც რუსეთისამ მიიღო 2014-ში, თავს ზევით ძალა არ არის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგება ავტორიტარიზმის გზას“ — ამბობს კორძაია.
დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს „სტუდია მონიტორმა“ და „მთის ამბებმაც“, მათი წარმომადგენელი სასამართლოში „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი იქნება.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში მთივლიშვილი აღნიშნავს, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არჩევანის წინაშე დგას, უნდა შეინარჩუნოს თავისუფალი, კრიტიკული, ეთიკურია მედია თუ მოსახლეობა სამთავრობო პროპაგანდის პირისპირ დატოვეს, უნდა მუშაობდნენ აქ უფლებადამცველი ორგანიზაციები, თუ მივიღოთ ქვეყანა, სადაც ადამიანს ჩაგრავენ, არის კორუფცია და ამას ვერავინ იძიებს:
„გვინდა რუსული ქვეყანა თუ საქართველო ევროპული პერსპექტივით და დაცული უფლებებით. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მოლოდინს რაც შეეხება მე მქონია სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაშინ ბევრად მსუბუქ საკითხზე ვდავობდით და ცხადი გახდა, რომ მოსამართლეების ნაწილი მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ძალიან მინდა მათ გაიაზრონ რა დავა წყდება და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება,“ — ამბობს მთივლიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ანრი ოხანაშვლი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე წარმოადგენენ.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.