ახალი ამბები

გურჯაანში გაზგასამართი სადგური აფეთქდა, დაშავებულია 3 ადამიანი

26 აგვისტო, 2024 •
გურჯაანში გაზგასამართი სადგური აფეთქდა, დაშავებულია 3 ადამიანი

გამთენიისას, 6 საათზე, გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის სადგურზე მომუშავე პირი, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს. მეორე დაშავებული მოგვიანებით ოჯახმა წაიყვანა და დამწვრობის ცენტრში იმყოფება.

ხანძრისას ერთი მანქანა და სადგურის ტერიტორია დაიწვა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გავრცელებული ვერსიის საპირისპიროდ, აფეთქება მანქანის გაზით დატვირთვის დროს არ მომხდარა და სავარაუდოდ, 400-კუბიანი რეზერვუარი გასკდა.

„ხელებზე, ზურგსა და თავზე აქვს დამწვრობა. იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი და ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, გავრბოდი და ზურგში მომეწია ცეცხლი, პერანგი ზურგზე მომადნაო. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში წამოგვეყვანა. დამწვრობის შედეგებმა რამდენიმე დღის მერეც იცის თავის გამოჩენა. გვეგონა, რომ დღესვე უკან გაგვატანდნენ, მაგრამ დაიტოვეს 2-3 დღით, რომ თვალყური მიადევნონ“, — ამბობს ნეტგაზეთთან ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახმა თავისი ინიციატივით წამოიყვანა თბილისში.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი