ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვის მიერ აღიარების მე-16 წლისთავი აღინიშნება

26 აგვისტო, 2024 •
სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვის მიერ აღიარების მე-16 წლისთავი აღინიშნება

დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღნიშნავენ მოსკოვის მიერ მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-16 წლისთავს.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები [დე ფაქტო].

დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე სოხუმსა და ცხინვალში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება და   რესპუბლიკების  [დე ფაქტო] მასშტაბით გაიმართება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მოსახლეობამ ერთად გაიარეს რთული გზა და ერთადვე “დამსახურებულად მიაღწიეს აღიარებას”.

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობამ ერთად გაიარეს ერთი და იგივე რთული გზა, ამავდროულად, იბრძოდნენ ერთი და იგივე მტრის წინააღმდეგ. ყველაზე რთულ დროს ისინი ძმებივით იდგნენ ერთმანეთის გვერდით. დღეს აფხაზეთში იმყოფება სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, რომლებიც ჩვენს ძმებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომელიც იქ იმართება”, – აღნიშნა გაგლოევმა.

გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს “აღიარების დღესთან” დაკავშირებით მიულოცა.

“რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და გარანტირებული უსაფრთხოება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები, რომელთა მყარი საფუძველი ძმობისა და მეგობრობის კავშირებია, ნაყოფიერად განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ”, – წერია მილოცვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი