“Meydan.Tv-ის” ინფორმაციით, უკრაინაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
უკრაინელი აქტივისტები ამას SOCAR-სა და “გაზპრომს” შორის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ხსნიან. ამ ქმედების საპასუხოდ სოციალურ ქსელებში გაჩნდა მრავალი პუბლიკაცია, სადაც მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ქვეყანაში SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურებით.
საწვავის მსხვილმა უკრაინელმა იმპორტიორმა, კომპანია Prime-ს დამფუძნებელმა დიმიტრი ლეუშკინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ SOCAR-ის საქმიანობა.
BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობის შესახებ განცხადების ფონზე გამოჩნდა დეტალები უკრაინაში მისი კომპანია SOCAR-ის საქმიანობის შესახებ. ლეუშკინის განცხადებით, რუსული ნავთობპროდუქცია შესაძლოა მისი მეშვეობით შემოვიდეს ქვეყანაში.
ბიზნესმენმა უკრაინის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მოუწოდა, უარი თქვან SOCAR-თან თანამშრომლობაზე.
“ძალიან უსიამოვნოა, რომ აზერბაიჯანელები ასე გვექცევიან. ჩვენ უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ მათი შესვლა BRICS-ში. მათთვის ჩვენი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ საკმარისი აქტივები აქვთ. გთხოვთ, საკუთარ თავს პატივი სცეთ. თუ ამ საქმეს ასე დავტოვებთ, ხვალ ახალ გამოვლინებებს ექნება ადგილი”, – განაცხადა მეწარმემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და გაზპრომმა შეთანხმებას მიაღწიეს მრავალფეროვანი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაქოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში.