ახალი ამბები

კალაძე ამბობს, რომ მერსედესის კაბრიოლეტი მისი არ არის

22 აგვისტო, 2024 •
კალაძე ამბობს, რომ მერსედესის კაბრიოლეტი მისი არ არის

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ძვირადღირებული ავტომობილი, რომელში გადაღებული ფოტოც Instagram-ზე გაავრცელა, მისი არ არის.

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ არის მის დეკლარაციაში ასახული Mercedes Benz G500 Cabriolet, რომელშიც ფოტოზე პოზირებს:

„როდის შეიძინეთ ეს ავტომობილი, დეკლარაციაში არ გაქვთ მითითებული, რა გადაიხადეთ მასში იმიტომ, რომ ავტოსალონების ინფორმაციით მინიმუმ 500 000 ევროა მისი ღირებულება“ ,— ჰკითხა ჟურნალისტმა კალაძეს.

კალაძემ დასმულ კითხვას შეურაცხყოფით უპასუხა და ჟურნალისტს „ბრიყვი“ უწოდა:

„თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ღირდეს ასეთი ავტომობილი. არ გადავდივარ შეურაცხყოფაზე, მე რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომლებიც არის ჩემი საკუთრება, ყველა არის დეკლარაციაში შესული. შესაბამისად, არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი“ ,— განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

Classic.com-ის მიხედვით, ავტომობილის ღირებულება, რომელიც კალაძის ფოტოებში ჩანს, საშუალოდ  248,187 აშშ დოლარია. მისი ფასი 123,725 აშშ დოლარიდან 544,000 აშშ დოლარამდე მერყეობს გამოშვების წლისა და კომპლექტაციის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი