“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სახელმწიფო და საჯარო მოხელეები დაავალდებულა, ხელი მოეწერათ პროსახელისუფლებო დეპუტატების სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანელი აქტივისტები აცხადებენ, რომ გარდა ამისა, ოფიციალური პირები ხელს უწყობენ ფიქციურ ოპოზიციას, რომელიც ქმნის კონკურენციის სახეს.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 300 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 125 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 1052 კანდიდატია დარეგისტრირებული.
ოპოზიციური პარტიის “მუსავატის” წევრმა იკრამ ისრაფილმა “კავკაზსკი უზელთან” განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას უარი უთხრა ქალაქ სუმგაითის კანდიდატად რეგისტრაციაზე, მაგრამ, ამავდროულად, დაარეგისტრირა სხვა პირის კანდიდატურა იმავე ქალაქში. ისრაფილი ამბობს, რომ რეგისტრირებულ პირს სუმგაითთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
პარტია “მუსავატი” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ქმნის პირობებს თანაბარი საარჩევნო კამპანიისთვის.
“ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიან პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ხელმოწერების შეგროვებისას ოპოზიციის კანდიდატებს არაერთი ბიუროკრატიული დაბრკოლება შეექმნათ. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნას პარტიებისა და კანდიდატების მიმართ, წარადგინონ მრავალი, ნოტარიულად დამოწმებული საბანკო და სხვა დოკუმენტები”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ხელისუფლება ცდილობდა, “მუსავატის” პარტიიდან არასასურველი კანდიდატების დაშინებისა და შანტაჟის გზით მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურა. ზეწოლის ქვეშ იყვნენ ამომრჩევლები, რომლებმაც ხელმოწერის ფურცლებში განაცხადეს, რომ აპირებდნენ ხმის მიცემას ოპოზიციისა და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. ამ ზეწოლის შედეგად არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ ზოგიერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმაც მოხსნა კანდიდატურა.
“მმართველი პარტიის კანდიდატები უხეშად არღვევენ საარჩევნო კანონმდებლობას ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებისა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით” ,- ნათქვამია პარტია “მუსავატის” განცხადებაში.
4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები, “მუსავატი” და “რესპუბლიკური ალტერნატივა” აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
9 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდია. უფლებადამცველების განცხადებით, ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის კანდიდატებს სთავაზობენ ადგილებს გარეუბნებსა და სხვა ლოკაციებზე, სადაც კამპანია საკმარისად ეფექტური არ არის.