ახალი ამბები

მესიჯები ჟენევის მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდიდან

15 ოქტომბერი, 2010 • • 1178
მესიჯები ჟენევის მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდიდან

ჟენევის მოლაპარაკებების მეცამეტე რაუნდის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ რუსეთი სოფელ პერევიდან ჯარებს გაიყვანს.

სოფელ პერევში რუსული ბლოკპოსტის მოხსნის შესახებ ჟენევის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

გიგა ბოკერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ ღირს კარასინის ნათქვამისთვის (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება.

”ჩვენ ადრეც გვქონდა ასეთი განცხადებები. ამჯერად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება არ დარჩება მხოლოდ სიტყვად და რეალურად მოხდება ამ სოფლის დეოკუპაცია…თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან, შეეცდებიან ამ ფაქტის ”გაყიდვას” როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით”,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეების დიდი მცდელობის მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი არ იყო ფუნდამენტურ საკითხებში წინ გადადგმული ნაბიჯი.

”მძიმე სესია იყო, არ ვუარყოფ”,-განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელიმ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მორელიმ ისაუბრა ცხინვალის წარმომადგენელთა გადაწყვეტილების შესახებ, არ მიეღოთ მონაწილეობა იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ჰუმანიტარულ და დევნილთა დაბრუნების საკითხებს განიხილავს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა კონფლიქტის მხარეების ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა.

მეთოთხმეტე შეხვედრა  2010 წლის 16 დეკემებრს გაიმართება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი